თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიიდან ორმა 2024 წლის პირველი კვირა აქციების ფასის შემცირებით დაასრულა, იუწყება პორტალი BMG.
აღსანიშნავია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოდან მხოლოდ სამი კომპანიაა წარმოდგენილი: „თიბისი ბანკი“, „საქართველოს კაპიტალი“ და „საქართველოს ბანკი“.
გასული კვირის განმავლობაში მათიაქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
„საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 3.27%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 38.45 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისათვის 1.89 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
ბოლო ექვს თვეში „საქართველოს ბანკის" აქციების მატება 26.9%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.41%-ით შემცირდა — ამ დროსათვის ბანკის ერთი აქცია 27.90 გირვანქა სტერლინგი ღირს, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.53 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბოლო ექვს თვეში „თიბისის" აქციების ფასი 12.5%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალს” (CGEO), მისი აქციების ღირებულება 1.76%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 10.40 გირვანქა სტერლინგი გახდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 484 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბოლო ექვსთვეში კომპანიის აქციების ფასი29.3%-ითაა გაზრდილი.