ხვალ თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება: დეტალური ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ქრისტეშობას იზეიმებს.
Sputnik
თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ხვალ, 7 იანვარს, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
არსებული ცნობით, მსვლელობა 12:00 საათზე დაიწყება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდება.
ავტოტრანსპორტით კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვნისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით;
თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, რუსთაველის გამზირით შეძლებებენ გადაადგილებას. ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით.
უწყების ცნობით, ალილოს მსვლელობის განმავლობაში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის გამზირიდან კი ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩებზე მოხვედრას მძღოლები ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩებით შეძლებენ.
მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით.
ამასთან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.
გადაადგილება ასევე შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ.
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა აიკრძალება.
შემდეგ თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.
ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვისას ავტომობილები თავისუფლების მოედანზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოხვდებიან, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები - მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით.
ავლაბრის მოედანზე გზის გადაკეტვის დროს ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით; ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები, ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. კერძოდ:
ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება,
ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.
მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს, საიდანაც რევაზ ლაღიძის ქუჩას დაუკავშირდება და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება.