მსოფლიო დღეს

„უხილიანტს“ აჯობა: უკრაინულმა „მისლოვომ“ წლის სიტყვა დაასახელა

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. თანამედროვე უკრაინული ენისა და ჟარგონების ლექსიკონმა „მისლოვომ“ გასული წლის სიტყვად „მობილიზაცია" აირჩია, რომელიც საჯარო დებატების ცენტრში მთელი წლის განმავლობაში იყო, ხოლო პიკს დეკემბერში მიაღწია, როდესაც მთავრობამ პარლამენტში მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.
როგორც ლექსიკონის საიტზეა ნათქვამი, „მობილიზაციამ“ აჯობა სხვა კანდიდატ სიტყვას — „კონტრშეტევას“, რომელმაც, „სამწუხაროდ, გაცილებით მეტი მედია მხარდაჭერა მიიღო“.
წლის სიტყვის ტიტულზე სხვა პრეტენდენტებს შორის ასევე იყო ტერმინები:
„უხილიანტი“ — ანუ მობილიზაციისგან თავის ამრიდებელი ადამიანი;
„კვერცხები 17 გრივნად“ — როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციის სიმბოლო;
ბლოკადა/დებლოკადა — რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადასთან დაკავშირებით, ასევე პოლონელი ფერმერებისა და გადამზიდავების „არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საზღვარს ბლოკავენ და უკრაინის ეკონომიკას ზარალს აყენებენ“;
„ზაფხული ყირიმში“ — დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის თეზისი, როგორც უკრაინის საზოგადოების მაღალი მოლოდინების სიმბოლო კონტრშეტევისგან;
„პოზიციური ომი“ — ტერმინმა პოპულარობა მთავარსარდალ ზალუჟნის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მოიპოვა, რომელშიც ის ამბობდა, რომ უკრაინა ომის ახალ ეტაპზე გადავიდა;
„კონფლიქტი“ — კონტრშეტევისგან მოლოდინების აუსრულებლობასთან დაკავშირებით, რამაც კონფლიქტების სერია გამოიწვია უკრაინულ საზოგადოებაში. მათგან ყველაზე თვალსაჩინო იყო კონფლიქტი პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავარსარდალ ზალუჟნის შორის;
დრონი — სამხედრო მოქმედებებში დრონების გამოყენების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით.
ლექსიკონი „მისლოვო“ 2012 წელს შეიქმნა. მისი მიზანი თანამედროვე უკრაინული ენის ნეოლოგიზმების, ჟარგონებისა და სხვა გამოვლინებების ჩაწერაა. სიტყვებსა და მათ განმარტებებს ჩვეულებრივი მომხმარებლები წარადგენენ.
„მისლოვო“ წლის სიტყვას უკვე მეთერთმეტედ ირჩევს. მთავარი კრიტერიუმი — ეს სიტყვის პოპულარობა და მნიშვნელობაა. ასე მაგალითად, 2022 წლის სიტყვად რუსულ ხომალდთან დაკავშირებული საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა დასახელდა.
.