საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში იტალიასთან დამარცხდა

Sputnik
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა 4 იანვარს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში პირველ მატჩში იტალიის ნაკრებთან ანგარიშით 5:22 წააგო. ევროპის ჩემპიონატი ხორვატიაში დღეს დაიწყო.
იტალიელებმა უპირატესობა თამაშის დაწყებისთანავე მოიპოვეს, რაც ბოლო წუთამდე გაგრძელდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც დეიან სტანოიევიჩი წვრთნის, ევროპის ჩემპიონატის ერთ–ერთ ფავორიტთან დიდი ანგარიშით წააგო.
ევროპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით ტარდება. 16 ნაკრები ორ დივიზიონად, ოთხგუნდიან ჯგუფებშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.
საქართველოს ნაკრები იტალიის გუნდს 2014 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით ცხრაჯერ დაუპირისპირდა, მათ შორის, ექვსჯერ ევროპის ჩემპიონატზე და, სამწუხაროდ, ვერცერთხელ ვერ მოიგო.
საქართველო მომდევნო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 6 იანვარს შედგება.