ყაჩაღობის მცდელობა „თიბისის“ ფილიალში: ახალი დეტალები

Sputnik
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. თბილისში ,საბურთალოზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე, ყაჩაღობის და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო.
ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალის შენობაში შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ შეიჭრა. მან თანამშრომლებისგან ფული მოითხოვა, თუმცა მისი წაღება ვერ მოახერხა, რადგან ბანკის თანამშრომელმა განგაშის სიგნალის ჩართვა მოასწრო. ვიდრე სამართალდამცველები მივიდოდნენ, შეიარაღებულმა პირმა ადგილიდან გაქცევა მოასწრო. მამაკაცს სავარაუდოდ ნიღაბი ეკეთა.
მედიის ცნობით, ბანკი პანიკამ მოიცვა. შეშინებული თანამშრომლების ნაწილი გაქცევას, ნაწილი კი დამალვას ცდილობდა. თავდასხმის დროს ბანკში თანამშრომლების გარდა ბევრი მომხმარებელიც იყო. არსებული ინფრომაციით, არავინ დაშავებულა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ, რომლებიც სავარაუდოდ დამნაშავის კვალს მიჰყვებიან.
პოლიციელები უკვეათვალიერებენ კამერების ჩანაწერებს, სადაც სავარაუდო დამნაშავე ჩანს. იკითხებიან თანამშრომლები, რომელთა მძევლად აყვანასაც თავდამსხმელი ცდილობდა. ფილიალი დალუქულია და პერიმეტრზე გადაადგილება აკრძალულია.