თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. იმისათვის, რომ ნაბახუსევმა არ შეგაწუხოთ, საუკეთესო გამოსავალი ისაა, რომ საერთოდ არ მიიღოთ ალკოჰოლი. მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც სპირტიან სასმელს თავს უბრალოდ ვერ აარიდებ - მაგალითად, ახალი წელი.
რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ სუფრის მეორე დღეს თავის ტკივილმა არ დაგტანჯოთ და მთელი ორგანიზმი არ გტეხდეთ? ამაზე პასუხი გამოცდილ მოქეიფეებს აქვთ, რომლებიც წლების განმავლობაში ცდიდნენ სხვადასხვა მეთოდებს და რამდენიმე უებარი ხერხიც გამოავლინეს.
ცნობილია, რომ ალკოჰოლი ორგანიზმში კუჭის გავლით ხვდება. შესაბამისად, ნაბახუსევთან ბრძოლა სწორედ ამ ორგანოს მკურნალობით უნდა დაიწყოთ.
ნაბახუსევთან ბრძოლის ეფექტური და გამოცდილი მეთოდები ასეთია:
პირველი ხერხი, რომელსაც, ხალხურის გარდა, ოფიციალური მედიცინაც ეთანხმება და მასზე თითქმის ყველას სმენია, ეს ისაა, რომ სანამ სმას შეუდგებით, ცხიმიანი საკვები უნდა მიირთვათ;
თუმცა არსებობს სხვა გზაც: ქეიფის დაწყებამდე რამდენიმე ჭიქა რძე უნდა დალიოთ და ორიოდე კოვზი ნატურალური თაფლი მიირთვათ. აღსანიშნავია, რომ რძისა და თაფლის მეთოდის გამოყენება ბოლოსაც შეიძლება, სანამ დასაძინებლად დაწვებით. ეს ორი ინგრედიენტი ეფექტურად ებრძვის ალკოჰოლის დაშლის პროდუქტებს;
კიდევ ერთი გამოცდილი მეთოდი – ეს ღონისძიებაზე წასვლამდე 100 გრამი კონიაკის, ან არყის დალევაა. მართალია, ალკოჰოლის ეს მცირე ნორმა მალე აქროლდება, მაგრამ სამაგიეროდ ერთგვარი ვაქცინის როლს შეასრულებს. თუმცა ამბობენ, რომ ეს მეთოდი ღრმად ინდივიდუალურია და ყველას ვერ ეხმარება.
ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები ხელს უწყობს ალკოჰოლის დაშლის პროდუქტების აქროლებას ორგანიზმიდან. ამიტომ კარგი იქნება, თუ აღნიშნულ ორგანოს მუშაობის სტიმულს მისცემთ, ანუ იოდის შემცველ პრეპარატებს მიიღებთ ღონისძიებამდე ერთი ან ორი დღით ადრე.
გარდა ამისა, არსებობს სხვა მედიკამენტებიც, რომლებიც ასევე ეფექტურია ნაბახუსევთან ბრძოლაში. მაგალითად, ასპირინი - მისი მიღება ქეიფამდე 24 საათით ადრე ღვიძლის მუშაობას გააუმჯობესებს; ნაღველმდენი საშუალების 12 საათით ადრე მიღება კი დაგეხმარებათ ალკოჰოლის დიდ დოზასთან გამკლავებაში;
რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ კორვალოლის მეთოდს, გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ მისი ეფექტი მეტად საეჭვოა. ამასთან კორვალოლი დამთრგუნველად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რასაც ნაბახუსევის მხოლოდ გამძაფრება შეუძლია. ამასთან, ამ პრეპარატის მიღებამ მაშინ, როდესაც ორგანიზმზე ჯერ კიდევ ზემოქმედებს ალკოჰოლი, შესაძლოა სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა დაარღვიოს;
დაბოლოს, ალკოჰოლთან და ნაბახუსევთან ბრძოლის კიდევ ერთი გამოცდილი ხერხი – სპირტიანი სასმელების მიღებამდე ან მას შემდეგ აქტივირებული ნახშირის დალევაა. მისი დოზა უნდა გამოთვალოთ ასე: თითო აბი სხეულის წონის ყოველ ათ კილოგრამზე. ნახშირი მავნე ნივთიერებების აბსორბაციას უწყობს ხელს და სწრაფად გამოჰყავს ისინი ორგანიზმიდან.