როგორ აღვიდგინოთ ორგანიზმი საახალწლო სუფრების შემდეგ: დიეტოლოგის რჩევა

Sputnik
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. საახალწლო სუფრების შემდეგ ორგანიზმს აღდგენა ესაჭიროება, თუმცა ამისთვის მაწვნიანი წიწიბურის მეთოდი, რასაც ხშირად მიმართავენ, სრულიად მიუღებელია, აცხადებს დიეტოლოგი ტანია დიკი.
მისი თქმით, „ეს ისეთივე სტრესი იქნება ორგანიზმისთვის, როგორც ზედმეტი ჭამა“. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აქვს, ვინაიდან მაწვნისა და წიწიბურის კომბინაციამ შესაძლოა კიდევ უფრო დააქვეითოს წნევა.
გარდა ამისა, მაწონმოსხმული წიწიბურა რეკომენდებული არ არის:
ჰეპატიტის შემთხვევაში;
გულისა და სისხლძარღვების დაავადებისას;
თირკმელებში მძიმე ფორმის პათოლოგიური პროცესებისას;
ძალიან გამხდრებისთვის;
ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას.
ამასთან დიეტოლოგი გირჩევთ, არ დადგეთ სასწორზე — წინდაწინ უნდა იცოდეთ, რომ წონა ნებისმიერ შემთხვევაში გექნებათ მომატებული.
დიკის განმარტებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ არც ღამის საკვების გადამუშავების პროცესია დასრულებული და არც უჩვეულო პროდუქტებითა და სასმელებით გამოწვეული შეშუპებებია დამცხრალი.
ექიმი შენიშნავს, რომ ეს შეშუპებები ორიოდე დღეში გაქრება. ხოლო იმისათვის, რომ ორგანიზმი ნორმალურად აღიდგინოთ, საჭიროა:
სვათ საკმარისი რაოდენობის წყალი,
არ მიეძალოთ შებოლილ და მარილიან საკვებს,
მიირთვათ უჯრედისის შემცველი ხილი და ბოსტნეული,
მიირთვათ მაწონი ან კეფირი.
როგორც დიეტოლოგი აღნიშნავს, უჯრედისის შემცველი ხილ-ბოსტნეული საჭმლის გადამუშავებას უწყობს ხელს და ამასთან ორგანიზმს „მძიმე საკვების“ მონელებაში ეხმარება.