თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. როცა საქმე საახალწლო სუფრას ეხება, სულ სხვა მასშტაბებზეა საუბარი: გოჭი, ხაჭაპური, საცივი, რაღა თქმა უნდა გოზინაყი და ასე შემდეგ. საახალწლო კერძების სია უსასრულოა, მაგრამ ეკონომიკურმა ექსპერტმა იოსებ (სოსო) არჩვაძემ „Sputnik საქართველოსთან“ ინტერვიუში გამოთვალა, თუ რამდენს ხარჯავს ქვეყანა მხოლოდ ორ მთავარ საახალწლო „ატრიბუტზე" — გოზინაყსა და ღვინოზე.
ცნობილია, რომ დღესასწაული მხოლოდ 31 დეკემბერი-1 იანვრის ღამით არ შემოიფარგლება, ქართველები ახალ წელს მომდევნო დღეებშიც აღნიშნავენ.
„დავიწყოთ გოზინაყით, რომელსაც მე-3 და მე-4 დღესაც მიირთმევენ, მაგრამ მოდით, პირველ 48 საათზე გავამახვილოთ ყურადღება. გოზინაყს ბავშვები დაახლოებით სამი წლიდან მიირთმევენ. ამიტომ გაანგარიშებისთვის უნდა ავიღოთ მოსახლეობის 95% მაინც, ანუ 3 მილიონ 400 ათასზე მეტი კაცი“, — ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, საქართველოში დაახლოებით 1 მილიონ 100 ათასი ოჯახია. მათი რაოდენობისა და მთელ საქართველოში მოხმარებული გოზინაყის მხრივ ეს 2,5 ჰექტარზე ოდნავ მეტია — ანუ 160 მეტრი 160 მეტრზე. უხეშად რომ ვთქვათ, ეს სამნახევარი სტანდარტული სტადიონის ფართობია.
„საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული გოზინაყის საერთო ფართობი სამნახევარი სტანდარტული საფეხბურთო მოედნის ფართობის ეკვივალენტური იქნება. საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია FIFA-ს რეკომენდაციით, სტანდარტული საფეხბურთო სტადიონის სიგრძე 105 მეტრი უნდა იყოს, სიგანე – 68 მეტრი. ეს ოფიციალური სტანდარტია“, — ამბობს არჩვაძე.
ექსპერტმა გამოთვალა კიდეც, რა ფასი ჯდება ესოდენ გიგანტური გოზინაყი.
„ოჯახების უმეტესობას გოზინაყისთვის ინგრედიენტების ყიდვა არ უწევს — ზოგს თავისი ნიგოზი და თაფლი აქვს, ზოგს სოფლიდან უგზავნიან, მაგრამ საბაზრო ფასებში რომ დაითვალოთ, გამოდის, რომ ერთ ოჯახს გოზინაყი დაახლოებით 30 ლარი უჯდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს დაახლოებით 30 მილიონი ლარია. ოღონდ ამ ღირებულებაში დიასახლისების ფასდაუდებელი შრომა არ შედის“, — აღნიშნა ექსპერტმა.
რაც შეეხება ღვინოს, ექსპერტმა გამოთვალა, რომ ოჯახში ერთი მამაკაცი დაახლოებით ერთ ლიტრ ღვინოს სვამს, ხოლო ქალი — 200 გრამს.
მისი თქმით, შესმული ღვინის რაოდენობა, ყველაზე მოკრძალებული ანგარიშით, სავარაუდოდ, ოჯახზე დაახლოებით 2,4 ლიტრი იქნება. ოჯახების რაოდენობის მიხედვით, მოხმარებული ღვინის მოცულობა 2,64 მლნ ლიტრი გამოდის.
ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს ოლიმპიურ საცურაო აუზზე მეტია.
„წარმოვიდგინოთ 50 მეტრი სიგრძის, 25 მეტრი სიგანისა და 2 მეტრის სიღრმის ოლიმპიური საცურაო აუზი. მასში 2,5 მილიონი ლიტრი წყალი ეტევა. ღვინის სმის მოცულობა საქართველოში გაცილებით მეტია — ანუ, ახალი წლის დღეებში საქართველოში უფრო მეტი ღვინო ისმება, ვიდრე ერთი ოლიმპიური აუზია“, — განაცხადა არჩვაძემ.
მისი განმარტებით, თუ ამ რაოდენობას ფასში გადავიყვანთ, რაც საშუალოდ 6 ლარია ერთ ლიტრზე, გამოვა, რომ ახალ წელს საქართველოში 16 მილიონი ლარის ღვინოს სვამენ. ხოლო თუ გოზინაყისა და ღვინის ფასებს დავაჯამებთ, აღმოვაჩენთ, რომ ახალ წელს ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ ამ ორ ატრიბუტში 46 მილიონი ლარს ხარჯავს.