თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ას კაცს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვმა კი 170-ს მიაღწია, იუწყება Reuters.
ირანის ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება სამი წლის წინ ამერიკული დრონით მოკლული გენერლის, ქასემ სულეიმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მოხდა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ტერაქტად აფასებს.
როგორც ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, ხალხმრავალი ცერემონია გენერლის საფლავზე იმართებოდა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ქასემ სულეიმანი შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან მოკლა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სულეიმანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე თავდასხმას ამზადებდა. ამის პასუხად 8 იანვარს ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რა დროსაც 15-მდე რაკეტა გამოიყენა. ირანული ტელეარხი Press TV საკუთარ Twitter-ზე წერდა, რომ შეტევის შედეგად 80 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.