თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ გამშვებ პუნქტთან უზარმაზარი რიგები შეიქმნა. სოციალურ ქსელებში კილომეტრიანი საცობების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა.
„საცობების“ შესახებ ინფორმაცია Sputnik-სომხეთთან საუბარში კომპანიების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომლებიც ერევანი-თბილისის მიკროავტობუსებით გადაზიდვებს ახორციელებენ.
ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერის თქმით, მათი მანქანა საზღვარზე მთელი ღამე იდგა, მეორე კი, რომელიც დღეს დილით გავიდა, სამი საათია „ბაგრატაშენის“ გამშვებ პუნქტზე ელოდება. მიზეზი მარტივია - ბევრი ადამიანი საახალწლო არდადეგებზე დასასვენებლად მიემგზავრება, აღნიშნა მან.
თვითმხილველები ამბობენ, რომ საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები მსურველებს სთავაზობენ მთავარი მაგისტრალის შემოვლას (ერევნის მაცხოვრებლებისთვის უცნობი სოფლის შიდა გზებით) და საზღვარზე ისე გასვლას. ამისთვის „დამხმარეები“ გარკვეულ თანხას ითხოვენ.