საეკლესიო კალენდარი: 31 დეკემბერი

ეკლესია 31 დეკემბერს მოწამეთა სებასტიანე სვინკლიტიკოსის, ნიკოსტრატეს, ზოეს, კასტორის, ტრანკვილინე ხუცის, მარკელინეს, მარკოზის, კლავდის, სიმფორიანეს, ტიბურტის, კასტულის, ღირსი ფლოროსის, ამიელი ეპისკოპოსის და ღირსი მიქაელ აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
„Sputnik საქართველო“ გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული
წმიდა მოწამე სებასტიანე გალიის ქალაქ ნარბონში დაიბადა, განათლება კი მედიოლანში მიიღო. თანამმართველი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს იგი სასახლის მცველთა რაზმს ედგა სათავეში. ახოვანი და ბრძენი სებასტიანე ყველას ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა. იგი ფარულად აღიარებდა მაცხოვარს და ბევრს იღვწოდა ქრისტესმიერი ძმების დასახმარებლად.
საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიან ძმებს - მარკელინესა და მარკოზს, რომლებიც თავდაპირველად მხნედ აღიარებდნენ ქრისტეს, წარმართი მშობლების: ტრანკვილინესა და მარკიას, მეუღლეების და შვილების ცრემლიანმა მუდარამ ქრისტესთვის წამების სურვილი გაუნელა.
მაშინ წმიდა სებასტიანე მივიდა მეფის ხაზინადარის - ნიკოსტრატეს სახლში, სადაც ციხიდან განთავისუფლებული ქრისტიანი ძმები იმყოფებოდნენ. საღმრთო მადლით გაბრწყინებულმა, განამტკიცა ისინი და კვლავ მოწამეობრივი აღსასრულის სურვილი გააღვიძა მათში.
მისმა სიტყვებმა იქ მყოფებზეც იმოქმედა. მათ ცხადად იხილეს, რომ წმიდანს არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა სახე, შემდეგ კი შვიდი ანგელოზი მიეახლა მას და სპეტაკი სამოსით შემოსა. ნიკოსტრატეს ექვსი წლის წინ დამუნჯებული მეუღლე ზოია ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს, თაყვანი სცა მას და განიკურნა. ზოიამ თქვა, რომ იხილა ანგელოზი გაშლილი წიგნით, საიდანაც სებასტიანე თავის ქადაგებას კითხულობდა.
ნიკოსტრატემ და მისმა მეუღლემ ნათლისღება ითხოვეს. წმიდა სებასტიანემ ნიკოსტრატეს ურჩია, ისე მოეწყო, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მონათლულიყო. მაშინ ამ უკანასკნელმა რომის ციხეების უფროსს კლავდიოსს სთხოვა, ყველა პატიმარი მის სახლში გაეგზავნა. პყრობილებთან საუბრისას სებასტიანე დარწმუნდა, რომ ყველანი ნათლისღების ღირსნი იყვნენ და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა. მამა პოლიკარპემ დამოძღვრა კათაკმევლები, მარხვა დაუწესა და გადაწყვიტა, წმიდა საიდუმლო საღამოს აღესრულებინა.
ამასობაში კლავდიოსმა ნიკოსტრატეს აუწყა, რომ რომის ეპარქი აგრესტიუსი მას თავისთან იხმობდა იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით გადაიყვანეს მის სახლში ტუსაღები. ნიკოსტრატემ კლავდის თავისი მეუღლის განკურნების შესახებ მოუთხრო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სებასტიანეს სნეულებით გვემული თავისი ძე - სიმფორიანე მიჰგვარა.
საღამოს წმიდა პოლიკარპემ მონათლა მარკელინე, მარკოზი და მამა მათი ტრანკვილინე, ნიკოსტრატე ოჯახით, კლავდიოსი, მისი ძეები და, გარდა ამისა, თექვსმეტი მსჯავრდებული. ტრანკვილინე უკვე ძალიან მხცოვანი და დასნეულებული იყო. ნათლისღების წინ პოლიკარპემ მას ჰკითხა:
- გწამს თუ არა, რომ მხოლოდშობილ ძეს ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს შეუძლია, ჯანის სიმრთელე დაგიბრუნოს და ცოდვები მოგიტევოს?
ტრანკვილინემ მიუგო:
- მრწამს, რომ ქრისტეს, ძეს ღვთისას და უფალს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვითხოვ მისგან - შეცოდებათა მიტევებას, ჩემს სნეულებაზე კი არც ვფიქრობ.
ნათლობის საიდუმლოს დაწყებისთანავე ტრანკვილინე სრულიად განიკურნა.
ეპარქის წინაშე წარმდგარმა ნიკოსტრატემ მოუთხრო მას, თუ როგორ მოაქცია სებასტიანემ ისინი ქრისტეს სარწმუნოებაზე. ნიკოსტრატეს სიტყვებმა აგრესტიუსსაც შეურყია რწმენა წარმართული ღვთაებებისადმი. მან წმიდა სებასტიანეს და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა, მოუსმინა მათ დამოძღვრას, რის შემდეგაც აღიარა ქრისტე და მოინათლა.
ეპარქთან ერთად ნათელიღო მთელმა მისმა სახლეულმა, მათ შორის ძემ - ტიბურტიმაც. ახალმოქცეულთა რიცხვი ათას ოთხასამდე გაიზარდა. ქრისტიანთა რჩევით აგრესტიუსი ეპარქის თანამდებობიდან გადადგა. ამ დროს რომის ეპისკოპოსი იყო წმიდა გაიოზი (შემდგომ, 283-296 წლებში - რომის პაპი) მან აგრესტიუსი აკურთხა, რომ პოლიკარპესთან ერთად თავის მამულებში გამგზავრებულიყო იმ ქრისტიანებთან ერთად, რომელთაც მოწამეობის ძალა არ შესწევდათ.
აგრესტიუსის ძეს, ტიბურტის სურდა, სისხლი დაეთხია ქრისტესთვის და რომში დარჩა, წმიდა სებასტიანესთან. მათთან დარჩნენ აგრეთვე მღვდელმთავარი გაიოზი, ხუცესი ტრანკვილინე, დიაკვნები მარკელინე და მარკოზი, ნიკოსტრატე, მისი მეუღლე ზოია და ძმა კასტორი, კლავდი, ძე მისი სიმფორიანე და ძმა ვიქტორინე. ყველა მათგანი ქრისტესათვის მოწამეობრივად აღესრულა.

ღირსი ფლოროსი - ამიელი ეპისკოპოსი

წმიდა ფლოროსი, ამიელი ეპისკოპოსი მართლმორწმუნე მშობლების, ფლოროსისა და ეფემიას ძე იყო. წმიდანმა კარგი განათლება მიიღო, რის შემდეგაც ბიზანტიის იმპერატორის კარზე დაიწყო სამსახური და პატრიციუსის ხარისხს მიაღწია. ფლოროსი დაქორწინდა და შვილებიც ჰყავდა, მაგრამ მთელი მისი ოჯახი ყვავილმა იმსხვერპლა.
ნეტარი განერიდა ამსოფელს და კონსტანტინოპოლის გარეუბანს მიაშურა, სადაც კეთილმსახურებით ცხოვრობდა, მარტოობაში. მოგვიანებით წმიდა ფლოროსი ამიის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აირჩიეს. უფლის რჩეული ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და VII საუკუნის დასაწყისში მშვიდობით მიიცვალა.

ღირსი მიქაელ აღმსარებელი

ღირსი მიქაელ აღმსარებელი იერუსალიმში დაიბადა, ნეტარმა მამამ სახელი გაითქვა, როგორც ძლიერმა მქადაგებელმა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქმა თომამ იგი დაიახლოვა და სვინგელოზად (საეკლესიო მმართველობის საქმეთა გამგედ) დაადგინა.
მაშინ ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820) მეფობდა. პატრიარქმა მასთან ღირსი მიქაელი გააგზავნა წმიდა ძმებთან: თეოდორესთან და თეოფანესთან ერთად, რათა უსჯულო ხელისუფალს შეეწყვიტა მართლმადიდებელთა დევნა. იმპერატორმა წმიდა მიქაელი აწამა და გადაასახლა.
გადასახლებიდან დაბრუნებული ღირსი მამა იმპერატორმა თეოფილემ (829-842) ხატთა თაყვანისცემისათვის კვლავ საწამებლად გადასცა. წმიდა მიქაელის თანამოსაგრეებმა - წმიდა თეოდორემ და თეოფანემაც სასტიკი სატანჯველები დაითმინეს: ჯალათებმა მათ სახეზე გახურებული შანთებით შეურაცხმყოფელი წარწერები ამოტვიფრეს. ამის გამო ძმებს „გამომეტყველნი“ ეწოდათ.
ხელმეორედ გასამართლებული წმიდა მიქაელი თავის მოწაფესთან, იობთან ერთად პავეიადის მონასტერში გაგზავნეს. თეოფანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა თეოდორამ (842-855) ხატთაყვანისცემა აღადგინა, ხატმბრძოლთაგან დევნილი და გადასახლებული ქრისტიანები დააბრუნა და წმიდა მიქაელს შესთავაზა, პატრიარქის ტახტი დაეკავებინა გადაყენებული მწვალებელი მღვდელმთავრის, იოანე გრამატიკოსის ნაცვლად. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მაშინ ეკლესიის მესაჭედ მღვდელმთავარი მეთოდე დაადგინეს.
ნეტარი მიქაელ აღმსარებელი სიკვდილის დღემდე სვინგელოზად მსახურობდა. 845 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით