თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. სასიამოვნოა, რომ ბიძინა ივანიშვილი საფარიდან გამოვიდა, წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის მიერ 30 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„სასიამოვნოა, რომ ივანიშვილი ბოლოს და ბოლოს გამოვიდა საფარიდან. თავის მართლება სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია. გილოცავთ ახალ წელს“, — ნათქვამია გახარიას პოსტში.
მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარის სტატუსით წარსდგა და სიტყვით მიმართა შეკრებილებს, რა დროსაც კიდევ ერთხელ ახსენა გიორგი გახარიას „ღალატი“.
„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე თანაგუნდელებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მმართველი პარტიის ლიდერებმა გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფარულ გარიგებასა და ქვეყანაში არეულობის სურვილში დაადანაშაულეს.