თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში 27 წლის მამაკაცმა 23 წლის ცოლი დანით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
ადგილობრივების ცნობით, კაცმა ცოლი მაშინ დაჭრა, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს გვერდით ოთახში ეძინა. მან მეუღლეს სამი ჭრილობა თავის არეში სამზარეულოს ნაჯახით მიაყენა. ამ დროს სახლში იყვნენ ბიჭის მშობლებიც და სავარაუდოდ, სწორედ მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია, რომელმაც 27 წლის კაცი ადგილზე დააკავა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ხაშურის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ქალის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. ის მკურნალობას უკვე მისი მშობლების მოთხოვნით ბათუმის კლინიკაში განაგრძობს, რადგან სწორედ ბათუმიდანაა ახალგაზრდა ქალი.
ტელეკომპანიის ცნობით, კონფლიქტი წყვილს შორის ადრეც არსებობდა, ისინი გაშორებულებიც იყვნენ, თუმცა შემდეგ შერიგდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. საქმეში დევს დანაშაულის ჩადენის იარაღიც.