Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან დატყვევებულთაგან „ხილვით შუენიერი“ და გულისხმიერი ჭაბუკები გამოარჩია, განსაკუთრებული მზრუნველები მიუჩინა და მათი ქალდეურ მწიგნობრობაში განსწავლა და მეფის კარზე ფუფუნებაში აღზრდა ბრძანა. ტყვეებს შორის იყვნენ წარჩინებული ყმაწვილები - დანიელი, ანანია, აზარია და მისაელი. ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ განშორებოდნენ, ყრმებმა მკაცრად შემოიზღუდეს თავი საცთურთაგან: მხოლოდ მწვანილეულობასა და წყალს ღებულობდნენ, ფარულად ლოცულობდნენ და მოსეს სჯულს ერთგულებდნენ. ამისთვის ჭაბუკებს ზეგარდამო სიბრძნე მიემადლათ. ერთხელ ნაბუქოდონოსორმა შემაძრწუნებელი სიზმარი იხილა, მაგრამ გაღვიძებისთანავე გადაავიწყდა.
ბაბილონელი ბრძნები უძლურნი აღმოჩნდნენ, შეეტყოთ, რა დაესიზმრა მეფეს. წმიდა წინასწარმეტყველმა დანიელმა ყველას წინაშე ადიდა ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, რომელმაც არა მარტო სიზმრის შინაარსი, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობაც გაუცხადა. მეფემ დანიელი უხვად დააჯილდოვა და ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დეირის ველზე დაადგმევინა და ქვეშევრდომებს მისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ამ განკარგულების შეუსრულებლობისათვის სამი ყრმა - ანანია, აზარია და მისაელი გახურებულ ღუმელში შეყარეს. ღუმელზე ორმოცდაცხრა წყრთით აღმატებულ ცეცხლში წმიდა ჭაბუკები მშვიდად დადიოდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს. ზეციდან გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა სახმილი განაგრილა, ყრმები კი უვნებელნი დარჩნენ. ამის დანახვაზე მეფემ მათ უბრძანა, გამოსულიყვნენ ღუმელიდან და თვითონაც აღიარა ჭეშმარიტი.
სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობისას მოშურნეებისაგან დასმენილი დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყვდიეს, მაგრამ მხეცები არც გაკარებიან უფლის რჩეულს. დარიოსი გაახარა წმიდანის გადარჩენამ და ბრძანა, მთელს სამეფოში ძრწოლითა და შიშით ეცათ თაყვანი დანიელის ღმერთისათვის.
ნეტარ დანიელს უფალმა ისრაელი ერისა და მთელი სამყაროს მომავალი განუცხადა. მან ზედმიწევნითი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ქრისტეს განკაცების ჟამიც - სამოცდაათგზის შვიდი, ე.ი. 490 წელი იმ დროიდან, როცა იუდეველები იერუსალიმის გალავნის აღდგენის ნებას მიიღებდნენ. წმიდა დანიელმა თავის ერს უშუამდგომლა დარიოსის მემკვიდრესთან, მეფე კიროსთან, რომელიც დიდად აფასებდა ნეტარს და ტყვექმნილი იუდეველები გაათავისუფლა, თავად წინასწარმეტყველი კი ტყვეობაში გარდაიცვალა.
ერთი ცნობით, ანანიამ, აზარიამ და მისაელმა დანიელის მსგავსად დაასრულეს სიცოცხლე, კირილე ალექსანდრიელის მოწმობით კი მათ სპარსეთის მეფის, კამბიზის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს.
ღირსი დანიელ აღმსარებელი
ღირსი დანიელ აღმსარებელი (სქიმაში - სტეფანე), ესპანელი დიდებული, კუნძულ ნიბერტის მმართველი იყო. ქრისტეს სიყვარულისთვის მან დატოვა ამსოფლიური დიდება და რომში ბერად აღიკვეცა. წმიდანმა ჯერ კონსტანტინოპოლი მოილოცა, შემდეგ კი - იერუსალიმი.
ნეტარი დანიელი ეგვიპტეში სარკინოზებმა შეიპყრეს და ისლამის მიღება მოსთხოვეს. როცა პასუხად უარი მიიღეს, უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული (X).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით