თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
თორნიკე ნოზაძე სამართალდამცველებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში გუშინ დააკავეს. ადგილობრივების ცნობით, მან 23 წლის მეუღლეს სამი ჭრილობა თავის არეში სამზარეულოს ნაჯახით მიაყენა. ამ დროს სახლში იყვნენ ბიჭის მშობლებიც და სავარაუდოდ, სწორედ მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია, რომელმაც 27 წლის კაცი ადგილზე დააკავა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სასამართლოზე დაცვის მხარემ მამაკაცისთვის 5.000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.