მეცამეტე საუკუნის 40-იანი წლების საქართველოში ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ეგარსლან ბაკურციხელი.
როდესაც მონღოლმა დამპყრობლებმა საქართველო დუმნებად დაჰყვეს, ეგარსლანი პირველი დუმნის მეთაურად დაინიშნა. მას დაექვემდებარა: ჰერეთი, კახეთი და კამბეჩოვანი. სავარაუდოა, რომ ეგარსლან ბაკურციხელი არ მიეკუთვნებოდა დიდებულთა ისეთ მაღალ წრეს, როგორებიც იყვნენ თორელები, მხარგრძელები, გაგელები, თმოგველები თუ სურამელები.
ჟამთააღმწერლის სიტყვებით, ეგარსლანი იყო „კაცი ღრმად მოუბარი“, მაგრამ ამავე დროს „არარათა ნიჭთა და ზნეთა სამამაკაცოთა მქონებელი“.
იშვიათი მჭევრმეტყველებისა და ჭკუის გამო, მის აზრს მონღოლებიც უწევდნენ ანგარიშს და ქართველი დიდებულებიც. არადა, თუ მემატიანეს ვენდობით, ერგასლანი იყო სარწმუნოებისაგან გამდგარი, ადამიანურ ღირსებებს მოკლებული პიროვნება, რომელიც შორს იდგა „ზნეთა სამამაკაცოსაგან“, ანუ მამათმავილი გახლდათ. ამ სიტყვებში ისიც იგულისხმება, რომ ბაკურციხელი ცუდი სარდალიც გახლდათ.
ასეთი, თანაც „უგვარო“ (ანუ არადიდებული) პიროვნების დანიშვნა დუმნისთავად მართლაც გასაკვირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ დიდი ნაკლის კომპენსირებას ის გონებითა და მჭევრმეტყველებით ახდენდა.
ეგარსლანი მონღოლთა დიდი ნდობითაც სარგებლობდა და სწორედ ამან მისცა მას საშუალება, უმეფობის დროს, 1243-1247 წლებში, ფაქტობრივად, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს (იმ რეგიონების სადაც მონღოლები ბატონობდნენ) გამგებელი გამხდარიყო.
გაიძვერა მოხელე იქით იხრებოდა, საითაც ქარი უბერავდა. ეგარსლანი მონაწილეობდა კოხტასთავის შეკრებაში, სადაც ქართველმა დიდებულებმა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება დაგეგმეს. ბაკურციხელი ძალიან იყო დარწმუნებული შეთქმულების წარმატებაში, ამიტომაც განუდგა თავის მწყალობელ მონღოლებს, მაგრამ აჯანყება რაჭის ერისთავმა გასცა.
მონღოლებმა სხვებთან ერთად ეგარსლანიც შეიპყრეს, ანისში წაიყვანეს და მხოლოდ ცოტნე დადიანის თავგანწირვამ იხსნა იგიცა და სხვა ქართველი დიდებულებიც სიკვდილისგან.
ჟამთააღმწერლის ჩანაწერიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეგარსლან ბაკურციხელი აჯანყების ჩავარდნის შემდეგაც ინარჩუნებდა პირველობას ქართველ ფეოდალთა შორის.
დედოფალ რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა უმეფოდ დარჩა, ვინაიდან ამ დროს რუსუდანის ძე და ტახტის მემკვიდრე დავითი (ნარინად წოდებული) ყარაყორუმს იყო წასული დიდ ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად. სწორედ ამ დროს დაწინაურდა ეგარსლანი და მემატიანის ცნობით, მეფობის სურვილიც კი გასჩენია.
პირველი დუმნისთავის განდიდებით უკმაყოფილო ქართველი ფეოდალები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, მეფედ რუმის სასულთნოში მყოფი დავით ლაშა-გიორგის ძე (ულუდ წოდებული) მოეყვანათ.
რა თქმა უნდა, ეგარსლან ბაკურციხელს მომხრეები ქართველ დიდებულთა წრეშიც ეყოლებოდა, მაგრამ მოწინააღმდეგე ბანაკი გაცილებით დიდი და ძლიერი იყო. მას დაუპირისპირდნენ: შანშე მხარგრძელი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი, გრიგოლ სურამელი, გამრეკელი, თორელები, ორბელები და სხვა. აღმოსავლეთ საქართველოს ოთხი დუმნისთავი — შანშე, ვარამი, გრიგოლი, გამრეკელი ასევე მის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ეგარსლანის მთავარი დასაყრდენი, ალბათ, მაინც მისადმი მონღოლთა კეთილგანწყობა იყო.
რუმის სასულთნოდან ჩამოყვანილ დავით ულუს ყველა ცნობილი ქართველი ფეოდალი მიეგება, გარდა ეგარსლანისა. ძნელი სათქმელია, სერიოზულად ფიქრობდა თუ არა ბაკურციხელი სამეფო ტახტის დაკავებას, როგორც ამას ჟამთააღმწერელი და ვახუშტი ბატონიშვილი ამტკიცებენ, მაგრამ ცხადია, იმდენად დიდი და სერიოზული ამბიციები ჰქონდა პირველობასთან დაკავშირებით, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ტახტის მემკვიდრე უფლისწულს არც კი მიეგება.
როგორც ცნობილია, დავით ლაშა-გიორგის ძეც საყაენოში წავიდა და თან იახლა შანშე მხარგრძელის ძე ზაქარია, ვარამ გაგელის ძე აღბუღა და სარგის თმოგველი. ყაენის კარზე ჩასულ დავით ულუს იქ მამიდაშვილი დავით ნარინი და მისი თანმხლებლები დახვდნენ: ავაგ მხარგრძელი, გრიგოლ სურამელის ძე ბეგა, გამრეკელი და ბეშქენ ამირეჯიბი. უფლისწულებს ყაენის კარზე ყოფნა დიდხანს მოუხდათ. ბოლოს, 1247 წელს, გუიუქ ყაენმა ორივე უფლისწულს უბოძა მეფობა და ქართველებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა.
ერგასლან ბაკურციხელის ბედი საყაენოდან ათაბაგ ავაგ მხარგრძელის დაბრუნებამ გადაწყვიტა. სამშობლოში დაბრუნებულ მხარგრძელს დიდებულები შეეგებნენ, მათ შორის ეგარსლანიც. თუმცა, როგორც მემატიანე წერს, ის ცხენიდან არც ჩამომხდარა, ისე მიეახლა მეფის ვეზირთა შორის უპირველესს. „განლაღებული იყო“ პირველი დუმნისთავი და სხვაგვარად არ იკადრა.
მაშინ განრისხებულმა მხარგრძელმა მეფობაზე მეოცნებეს მათრახით ცემა დაუწყო, მერე კი მხლებლებს უბრძანა, ბაკურციხელი ცხენიდან ჩამოეთრიათ. ნაცემი და შეურაცხყოფილი ეგარსლანი ქალაქიდან გააძევეს. რა ბედი ეწია მას ამის შემდეგ, უცნობია...