თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში საზღვრის 70%-ის შეთანხმება მოხერხდა, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია 1996 წელს შეიქმნა. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე სადავო მონაკვეთია, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.
„რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციას, საზღვრის დაახლოებით 70% შეთანხმებულია, სამუშაოები მიმდინარეობს დარჩენილ 30%-ის შეთანხმებაზე, თუმცა დელიმიტაციის პროცესი ასეთია: 100%-იანი შეთანხმების მიღწევამდე, დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ ხდება. შესაბამისად, პროგრესს ვაღწევთ და ნელ-ნელა წინ მივდივართ“, - განაცხადა სამხარაძემ.
ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა დელიმიტაციის პროცესის დასრულების ვადების დასახელებისგან.
„ვერ ვიტყვი, როდის შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, თუმცა, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი იმ ურთიერთობებიდან, რაც დღეს გვაქვს ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან. უნდა დაველოდოთ და მივყვეთ ამ პროცესს“, - განაცხადა სამხარაძემ.
ამასთან, საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ დავით-გარეჯის საკითხი „დადებითად" გადაწყდება.
„დავით-გარეჯის საკითხი აუცილებლად გადაიჭრება, როგორც ეს შეეფერება ორ მეგობარ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორს. შედეგი აუცილებლად იქნება. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, გვაქვს რაღაც პოზიტივი, რის თაობაზეც მე ვერ ვისაუბრებ. ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება“, - განაცხადა პატარაძემ.
2019 წლის აპრილში საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა. მაშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.
აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.