კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ხელისუფლება შეეცდება, სასწრაფოდ აღმოფხვრას უამინდობის შედეგები.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.
გუშინ კახეთში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიას ადამიანიც ემსხვერპლა – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც 79 წლის მამაკაცს დაეცა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
კახეთის დაზარალებულ რაიონებში სამუშაოები დილიდან განახლდა. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაწმენდის სამუშაოები, ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა – 50 ათასი აბონენტიდან, რომლებსაც უამინდობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ, 40 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.
კახეთის გუბერნატორის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სასწრაფოდ დაეხმარონ მოსახლეობას.

„ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, ღია ცის ქვეშ ახალს წელს არცერთი მოსახლე არ შეხვდეს. მიმდინარეობს ისეთი სახლების დადგენა და დათვლა, რომლებსაც ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი, და დროულად მოხდეს დახმარება“, – განაცხადა ალადაშვილმა.

მისი თქმით, ზარალის მასშტაბის განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება თანხების მობილიზების საკითხი.
კახეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა>>
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ითვლის.
გუშინდელმა ქარიშხალმა პრობლემები დედაქალაქშიც შექმნა – ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ძლიერმა ქარმა სახურავები ახადა კერძო სახლებსაც.