გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - ექსპერტი წყლის ტარიფის გაზრდის გავლენაზე

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალზე საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დარჩა, გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო ტარიფი
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. კომერციული ობიექტებისთვის წყლის ტარიფის გაზრდა პურის ფასზე გავლენას არ მოახდენს, იგი უცვლელი დარჩება, განაცხადა საქართველოს პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი უცვლელი რჩება, ხოლო კომერციული მომხმარებლებისთვის თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში 2024 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება.
„ამ ეტაპზე პურზე ფასის მატება გამორიცხულია", - განაცხადა დოლიძემ.
ტარიფის ზრდა
GNERC-ის გადაწყვეტილებით, მცხეთასა და თბილისში 1 კუბომეტრი წყლის ფასი 2,3 ლარით გაიზრდება, რუსთავში - 2,8 ლარით.
კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასამომხმარებლო ტარიფი კუბომეტრზე 8,8 ლარით, რუსთავში კი 6,5 ლარით განისაზღვრება.
დადგენილი ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
როგორც კომისიამ აღნიშნა, წყალმომარაგების ტარიფის ცვლილება განპირობებულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში ამორტიზებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით.
ამასთან, კომისიამ 2024 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიაზე ტარიფი 0,03 ლარით შეამცირა დედაქალაქსა და რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.