მსოფლიო დღეს

პირველად 27 წლის შემდეგ: ჯანმომ იშვიათი ვირუსული დაავადება დააფიქსირა

Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) იშვიათი ვირუსული დაავადებით, ცხენის დასავლური ენცეფალიტით (WEE) ადამიანის დასნებოვნების ფაქტი დააფიქსირა არგენტინაში, რაც პირველი შემთხვევაა 1996 წლის შემდეგ, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცხენის დასავლური ენცეფალიტი — ეს იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც კოღოებს გადააქვთ და ცხენებსა და ადამიანებს აზიანებს. ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარია ფრინველები, რომლებიდანაც ვირუსი ადამიანს კოღოების საშუალებით გადაეცემა. დაავადება ვლინდება ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილებით და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. ლეტალობა 8-15%-ს აღწევს. გადატანილი დაავადების შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი.
როგორც ჯანმო განმარტავს, 27 წლის შემდეგ ცხენის დასავლური ენცეფალიტით პირველად ინფიცირებული ადამიანი სოფელში ცხოვრობს, სადაც მანამდე დაავადება ცხენებში გამოვლინდა. მამაკაცს დაეწყო თავის ტკივილები, მიალგია, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია და მოულოდნელი ცხელება. 24 ნოემბერს იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც თითქმის ერთი თვის შემდეგ — 20 დეკემბერს გამოწერეს.
როგორც ჯანმო წერს, 25 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე პერიოდში ცხენებში WEE-ს აფეთქება არგენტინის 12 პროვინციაში დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, ვირუსი შეიძლება სხვა რეგიონებშიც გავრცელდეს ინფიცირებულ ფრინველთა მიგრაციითა თუ ვირუსის მატარებელი ადამიანებისა და ცხოველების გადაადგილებით.