თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი და საგადახდო ოპერაციები საახალწლო შაბათ-კვირას 3-5 იანვარს ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საახალწლო უქმეებზე საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება, ნათქვამია ეროვნული ბანკის (სებ-ი) განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებისთვის 2024 წლის 3-5- იანვრის პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა. ამასთან, მთავრობის დადგენილებით, არ დაისვენებენ ისინი, რომელთა „ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას".
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. ამასთან, სამუშაო სპეციფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სებ-ის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ.
ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.
ასევე, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს ფულის მუზეუმის ელექტრონული მაღაზიაც. სებ-ის ყველა პროდუქტის შეძენა მხოლოდ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ყვარლის ფულის მუზეუმი კი დამთვალიერებლებს 2024 წლის 11 იანვარიდან უმასპინძლებს.