2023 წელს ეროვნული არქივის ფონდები ახალი დოკუმენტებით შეივსო

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრატორები XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე მუშაობდნენ.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2023 წლის განმავლობაში 42.383 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 1.851 ფოტო, 139 კინოდოკუმენტი, 646 ფონოჩანაწერი, 19 რუკა, 116 წიგნი და 600-ზე მეტი გაზეთი და ჟურნალი შეემატა, ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფომაციით, დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები.
მათ შორის აღსანიშნავია: თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის საარქივო მასალა – აფიშები, სპექტაკლების პროგრამები, მუსიკალური ნოტები; კინოფილმების – „დიდი მწვანე ველი“, „პირველი მერცხალი“, „სინემა“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ამაღლება“ და სხვ. – გადასაღები მოედნების ფოტოები; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ შექმნილი ფოლკლორული ანსამბლებისა და ცალკეული შემსრულებლების ჩანაწერები.
არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი შენაძენია 1.648 წელს ნიკოლა სანსონის მიერ შედგენილი და გამოცემული „შავი ზღვის რუკა“, ჟოზეფ ნიკოლა დელილის 1776 წელს გამოცემული „საქართველოს რუკა“ და ნიკოლა სანსონისა და ძმებ გიიომ და ჟოზეფ ნიკოლა დელილების მიერ შედგენილი შავი ზღვისა და საქართველოს კატროგრაფიული რუკები; ასევე, კარტოგრაფიული გამოცემები – IMPERII PERSICI IN OMNES SUAS PROVINCIAS, კარტოგრაფი, იოჰან ბატისტ ჰომანი, ნიურნბერგი, 1.720 წელი; TURCOMANIE, GEORGIE, COMANIE, კარტოგრაფი – ნიკოლა სანსონი, პარიზი, 1.653 წელი.
დოკუმენტების დედნების უკეთ დაცვისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის 2023 წელს ციფრულ ფორმატში გადავიდა წერილობითი დოკუმენტების 1.743,792 გვერდი, 9.995 ფოტო; 132 კინოდოკუმენტი და 120 აუდიოჩანაწერი.
არქივის ცნობით, მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრატორები აქტიურად მუშაობდნენ XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს.