თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. როგორც გვქონდა განსაზღვრული, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება და ტრანსპორტის მოძრაობაც ორმხრივად აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
„მესმის, რომ ასეთ პროექტებს თან ახლავს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით... თუმცა, მეამაყება ის, რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ და ამ შრომის შედეგს რომ ვხედავ, კმაყოფილ ადამიანს რომ ხედავ, მადლიერებას რომ გამოხატავენ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს ქუჩების განახლებასა და რეაბილიტაციას და პირველ რიგში, ეს რუსთაველის გამზირს შეეხება.
„პირველ ეტაპზე მოხდება არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება, გამაგრება, ფასადების განახლება თავისი მხატვრული მინათებებით, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური გამზირია თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. გვინდა ეს ყველაფერი მთლიანად მოვაწესრიგოთ და ბოლო ეტაპი იქნება თავად ქუჩის განახლება-მოწესრიგება“, - აღნიშნა კალაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.
ჭავჭავაძის გამზირის გარემონტების დასრულების შემდეგ აღდგა მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირები. რემონტი მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას ითვალისწინებდა.