სარჯველაძე: „ლელო“ არის არა ალტერნატივა, არამედ „ნაცმოძრაობა“ ახალი შეფუთვით

მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა სამშაბათს დაადასტურა.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რადგან ის არის არა ალტერნატივა, არამედ იგივე ძალა, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა სამშაბათს დაადასტურა. მანამდე მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.
„ლელო“ წარმოადგენს არა ალტერნატიულ, არამედ იგივე ძალას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია - უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ნანგრევის პარტნიორი იქნება, ეს შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებების საგანი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს. შედეგად 2023 წლის 7 დეკემბერს მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, პარტნიორობა „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის არსებობდა ადრე და ახლაც არსებობს.
„შესაბამისად, „ლელოს" მხრიდან არავითარ ალტერნატივაზე საუბარი არ არის. "ლელო" კარგად ხვდება, რომ საქართველოში "ნაციონალური მოძრაობა" უარყოფითი კონვერტაციის მატარებელია. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, სხვაგვარი შეფუთვით, მაგრამ იგივე შინაარსით წარდგნენ, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ და მათგან მხარდაჭერა ასე მიიღონ", - განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
პარტია „ლელო“
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.