ხეტყის უკანონო მოპოვების რამდენი ფაქტი გამოვლინდა 2023 წელს საქართველოში

კანონდამრღვევებს 1,5 ათას კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. უკანონოდ მოპოვებული ხეტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2023 წელს ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 1.105 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია სატყეო სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანონდამრღვევებს 1,5 ათას კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხეტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.