ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-მდე საფეხმავლო ბილიკი მონიშნა

მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯამურად 185 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მონიშნა, განაახლა და ინფრასტრუქტურა მოაწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაა.
გარდა ამისა, 2023 წელს თუშეთის, თრუსოს დაცული ლანდშაფტების, გუდაური-ხადას ხეობის, კარკუჩა-გუდამაყრის ხეობის, სიონი-საბუესა და ბოჭორმის ციხის ბილიკების მოსაწყობად მომზადდა პროექტები.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზაში“ 28 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტის ჩართვა უზრუნველყო. მარნებისთვის დამზადდა მანიშნებლები კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში.
ასევე ადმინისტრაციამ „ღვინის გზის“ პროექტში ჩართვის მსურველი ღვინის მასპინძელი ობიექტების ინსპექტირება ჩაატარა. მიმდინარეობს რეკომენდებული ობიექტებისათვის პროექტის მომზადება, მანიშნებლების მონტაჟი 2024 წელს დასრულდება.
წყარო - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია