თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. განაცხადების შეტანის ვადა რუსეთში უფასო სწავლებაზე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, 2024 წლის 31 იანვრამდე გადავადდა, განუცხადეს Sputnik–საქართველოს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში.
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატებისგან განაცხადების მიღების კამპანია 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრებით სასწავლებლად 1 სექტემბრიდან დაიწყო. თავდაპირველად განაცხადების მიღება 15 დეკემბრამდე იყო დაგეგმილი.
საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე განაცხადის წარდგენის წესი
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში (აქვთ დროებითი ცხოვრების უფლება ან ბინადრობის უფლება საქართველოში და არ არიან რეგისტრირებული რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 1 სექტემბრისთვის).
განაცხადის გასაგზავნად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სისტემის „განათლება რუსეთის ფედერაციაში" ვებ-გვერდზე, შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ შესამოწმებლად. დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე.