ქართველი სპეციალისტი რუმინეთის რაგბის ნაკრებს გაწვრთნის

აქამდე სპეციალისტი ბუქარესტის „დინამოში“ მუშაობდა და კლუბთან ერთად რუმინეთის ჩემპიონი გახდა.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ქართველი სპეციალისტი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე სიმონ მაისურაძე რუმინეთის ნაკრების ახალი მწვრთნელის – ფრანგი სპეციალისტის დავიდ ჟერარის მწვრთნელთა შტაბში იმუშავებს.
რუმინეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ამ პოსტზე 46 წლის ფრანგი დავიდ ჟერარი დაინიშნა, რომლის მიზანია, რუმინეთთან ერთად 2027 წლის მსოფლიო თასზე მოხვდეს.
მაისურაძემ ახალ გუნდთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მანამდე ის ბუქარესტის „დინამოში“ მუშაობდა და კლუბთან ერთად რუმინეთის ჩემპიონი გახდა.
„მოწვევა რამდენიმე ქვეყნიდან მქონდა. ლათინური ამერიკიდან ურუგვაის ნაკრებთან მუშაობას მთავაზობდნენ, ასევე იყო ინტერესი ესპანეთიდან და საქართველოდან. თუმცა, საბოლოოდ რუმინეთის ნაკრებთან გადავწყვიტე მუშაობა“, – განაცხადა ჟერარმა.
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთში 2023 წლის ოქტომბერში მსოფლიო თასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გადადგომა გადაწყვიტა. ამავე დროს, მაისაშვილმა განაცხადა, რომ გუნდის წვრთნას გააგრძელებს, სანამ ახალ მწვრთნელს არ დანიშნავენ.
საფრანგეთის მატჩების შემდეგ საქართველო რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე–14 პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მსოფლიო თასის დაწყებამდე ქართველ მორაგბეებს მე–11 ადგილი ეკავათ. საქართველოს ნაკრებმა წააგო უელსთან 19:43, ავსტრალიასთან – 15:35, ფიჯისთან – 12:17, ხოლო მატჩი პორტუგალიასთან ფრედ დამთავრდა – 18:18.
რუმინეთის ნაკრებს მსოფლიო რეიტინგში მე–17 ადგილი უკავია.