თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. ყაზბეგში, გერგეთის მყინვარწვერის მარშრუტზე სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის მთამსვლელთან ბოლო კომუნიკაცია 23 დეკემბერს შედგა. იგი გამოცდილი მთამსვლელი იყო და კოლეგებს საკუთარი კოორდინატები თავად გადასცა. მას თან ჰქონდა სპეციალური ელექტრომოწყობილობა, რომელიც სიგნალს გადასცემს და სწორედ მისი საშუალებით მოხდა ალპინისტის მოძიება.
უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, რომელიც 23 დეკემბრიდან დაიწყო, სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.