მსოფლიო დღეს

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების ტემპი გაზარდა

Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. რამდენიმეთვიანი შენელების შემდეგ, ირანმა კვლავ გაზარდა 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოების ტემპი, იუწყება Reuters გაეროს ბირთვული უსაფრთხოების მონიტორინგის ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ირანი თვეში ცხრა კილოგრამ ურანს ამდიდრებს. ეს მაჩვენებელი ბოლო თვეების განმავლობაში 3 კგ იყო.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თეორიული განმარტებით, დაახლოებით 40 კგ 60%-მდე გამდიდრებული ურანი არის ის რაოდენობა, რომლითაც ბირთვული ბომბის შექმნაა შესაძლებელი.
როგორც Reuters წერს, ირანს უკვე აქვს 60%-იანი ურანის საკმაო მარაგი, რომლის 90%-მდე გამდიდრების შემთხვევაშიც სამი ბირთვული ბომბის დამზადებას შეძლებს.
მიუხედავად ამისა, თეირანი კვლავაც აცხადებს, რომ ატომური იარაღის შექმნას არ აპირებს.
წყარო: Reuters