მსოფლიო დღეს

სეულმა რუსეთს კიდევ 682 სახის საქონლის მიწოდება შეუზღუდა

Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სამხრეთ კორეის მთავრობა რუსეთსა და ბელორუსში კიდევ 682 სახის საქონლის, მათ შორის ავტომობილების ექსპორტს აკრძალავს, იუწყება სამხრეთ კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ შესაბამისი ცვლილებები ექსპორტის კონტროლის სიაში შეიტანა. შედეგად, ჩამონათვალი 1159 სახის საქონელამდე გაიზარდა. ცვლილებები ძალაში 2024 წლის დასაწყისიდან შევა.
კერძოდ, იზღუდება ისეთი საქონლის მიწოდებები, როგორებიცაა:
მძიმე სამშენებლო ტექნიკა,
დატენვის შესაძლებლობის მქონე ბატარეები,
საავიაციო აღჭურვილობის კომპონენტები,
2000 კუბურ სმ-ზე მეტი ძრავის მოცულობის მსუბუქი ავტომობილები.
მანამდე სამხრეთ კორეამ რუსეთში ახალი ავტომობილების ექსპორტზე აკრძალვა 2022 წელს დააწესა. შეზღუდვებს დაექვემდებარა 50 ათას დოლარზე მეტი ღირებულების მანქანები. 2023 წლის ივნისში ევროკავშირმა აკრძალა რუსეთში 1,9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ყველა ახალი და მეორადი ავტომობილის, ასევე ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მანქანების ექსპორტი. იგივე აკრძალვა შემოიღო იაპონიამაც.
ამასთან, როგორც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური იტყობინება, 2023 წლის პირველ ნახევარში სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან, შორეული აღმოსავლეთის გავლით, რეკორდული რაოდენობის — 130 ათასი ავტომობილი იყო იმპორტირებული.