ქართულ ადგილთა სახელები, ანუ ამბავი გმირი ძმებისა, ჰურიებისა და ჯიუტი ჯორისა

ალბათ ყველა თქვენგანმა იცის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს ძირისგან „ქართ“, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუს“ უკავშირდება.
Sputnik
მაგრამ ის თუ იცით, რას ნიშნავს, რაზე მოგვითხრობს ქვეყნის სხვადასხვა ადგილთა სახელები?
„Sputnik-საქართველოდღეს ზოგი დასახელების მოკლე ისტორიასა და მნიშვნელობას გაგაცნობთ.

ცხრაწყარო

იმ ულამაზეს ადგილზე, რომელსაც ცხრაწყაროს ვეძახით, ძალიან დიდი ხნის წინ ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახის თავი, ახალგაზრდა კაცი, მტერთან ბრძოლაში დაღუპულა. დაქვრივებულ დედას მარტოს გაუზრდია ცხრა ვაჟკაცი.
ერთხელ ხეობას ლეკები შესევიან და ცხრავე ძმა მტერთან ჭიდილში დაცემულა. ცხრა ვაჟკაცი ერთად მიუსვენეს სახლში გაუბედურებულ დედას.
ძმები ერთად დაუმარხავთ ფერდობზე. დედას სათითაოდ დაუტირია ცხრა შვილი და სადაც მისი ცრემლი დაცემულა, იმ ადგილიდან წყარო გამოსულა. ამიტომ დაერქვა იქაურობას ცხრაწყარო.

ალგეთი

ალგეთი თურქული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს: „ალ“ —აიღე, „გეთ“ — წადი.
ერთი ლეგენდის თანახმად, ამ ხეობაში ქართველებს სასტიკად დაუმარცხებიათ თათრები. დამფრთხალი მტერი, თურმე, თავპირისმტვრევით გარბოდა და თან ერთმანეთს უყვიროდნენ „ალ-გეთ, ალ-გეთო“. ანუ, თუ რამ გაბადია, აიღე, გაიქეცი და თავს უშველეო.
სწორედ იმ გამარჯვების აღსანიშნავად შეურქმევიათ ამ ადგილისათვის ალგეთი.

შავნაბადა

გადმოცემის მიხედვით, ეს სახელი ქართველთა ერთ-ერთი ბრძოლის დროს მომხდარ სასწაულს უკავშირდება.
თურმე შეჯახებაში თავდაპირველად მტერს უმარჯვნია, მაგრამ მოულოდნელად ქართველთა ჯარში თეთრ ცხენზე ამხედრებული უცნობი ჭაბუკი გამოჩენილა და ბრძოლის ბედიც ქართველთა სასარგებლოდ სწორედ მას გადაუწყვეტია.
ომის გასრულების შემდეგ უცნობი რაინდის სიყოჩაღით მოხიბლულ მეფეს მისთვის შავი ნაბადი უბოძებია. მერე კი იქვე მდგარ ეკლესიაში გამარჯვების პარაკლისი გადაუხდიათ. გმირი შავნაბდიანი რაინდი მეფის გვერდით მდგარა ტაძარში, მაგრამ ლოცვის დასრულების შემდეგ ვეღარსად უპოვიათ, ტაძრიდან გასულიც არავის შეუნიშნავს – უკვალოდ გაქრა.
და უცებ ღმერთმა მებრძოლებს გონება გაუნათა. მათ წმინდა გიორგის ფრესკაში სწორედ ის ჭაბუკი მეომარი ამოიცნეს, რომელმაც მტერზე გაამარჯვებინა.
იმ დღიდან მთას შავნაბადა უწოდეს, ეკლესიას კი – შავნაბადას წმინდა გიორგი.

გურია

გურიის სახელწოდების შესახებ არსებობს ასეთი ლეგენდა: ინდოეთის მეფე შედათს ედემის გაშენება მოსურვებია და ბრძანება გაუცია, მთელი ქვეყანა მოიარეთ და სადაც ჰურიები (მუსლიმანურ სამოთხეში მცხოვრები მარად ნორჩი ლამაზი ქალები) ნახოთ, აქ მომგვარეთო.

მსახურებსაც ქვეყნიერება მოუვლიათ და ჰურიები შეუკრიბავთ. მათ შორის, კავკასიაშიც. და როცა ინდოეთისკენ წასვლა დაუპირებიათ, მეფე შედათის გარდაცვალების ამბავი მისვლიათ. ამიტომ გადაუწყვიტიათ, არსადაც აღარ წასულიყვნენ და ტურფა მხარეში დარჩენილიყვნენ ჰურიებთან ერთად.
ჰოდა, ასე გაჩენილა სახელწოდება გურია.

ანაკლია

ლეგენდის თანახმად, ამ ადგილზე დედას შვილი დახრჩობია ზღვაში. სასოწარკვეთილი მოთქვამდა თურმე ქალი და როცა სხვა ვერაფერი იღონა, თვითონაც ზღვის ტალღებში გადაშვებულა.
მას შემდეგ, როცა ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდებოდა და ბობოქარი ტალღების ხმაურში სტვენას იწყებდა, ხალხი ამბობდა, „ანა რკიანსო“, ანუ „ანა კივისო“. ამიტომ ამ ადგილს „გადანაკივლები“, ანუ მეგრულად „ალნარკია“ ეწოდა, რაც დღეს უკვე ანაკლიად ჟღერს.

ალავერდი

ერთი გადმოცემის თანახმად, ერთხელ ალავერდის სავანესთან ქართველი მონაზონი ქალი ღმერთს მტრის დამარცხებას სთხოვდა. უეცრად თავს მუსლიმთა მხედართმთავარი წამოსდგომია და გაბრაზებულს მახვილი აღუმართავს, ვნახოთ, როგორ გადაგარჩენს შენი ღმერთიო.
ამ სიტყვების თქმა იყო და ხმალშემართული მხედართმთავარი გაშეშებულა. შეშინებულს დახმარება უთხოვია მონაზვნისთვის. იმასაც ულოცია და გადამთიელს გაშეშებული ხელი კვლავ ამოძრავებია. სასწაულის მხილველი მუსლიმი მხედართმთავარი და მისი ხელქვეითები იქვე მონათლულან ქრისტიანებად.
გაქრისტიანებული მხედართმთავარი კახელების გაბნეულ ჯარს ჩასდგომია სათავეში და მომხდური მათთან ერთად განუდევნია. როდესაც ამ ამბების შემდეგ პირველად აღუნიშნავთ სავანის დღესასწაული, ქართველებს აზარფეშა აუწევიათ და ყიზილბაშებისთვის მიუწოდებიათ სიტყვებით: „ალლა ვერდი“, ანუ ღმერთმა მოგვცაო.
თქმულების თანახმად, მას მერე სუფრაზე ამგვარი წესი დამკვიდრდა, ხოლო წმინდა გიორგის ტაძარს ალავერდი დაერქვა.

წალენჯიხა

ეს სახელი ერთ ძველისძველ ლეგენდას უკავშირდება. ძლევამოსილი თამარ მეფე, თურმე, სამეგრელოს სოფელ ჯვრიდან ბრუნდებოდა ამალით და მოსასვენებლად ახლანდელი წალენჯიხის მახლობლად დაბანაკებულა.
მეფის მხლებელთა შორის ერთი დიაკვანი ყოფილა, გვარად თვალთვაძე. როდესაც მეფე და მისი ამალა წასასვლელად აყრილან, დიაკვნის ჯორი ვერ უპოვიათ. დიდხანს ეძებეს თურმე. თამარ მეფე კი დაბრუნებასაც ჩქარობდა და ჯორის დაკარგვაც ადარდებდა.
ამ დროს ვიღაც უპოვარი კრძალვით ხლებია მეფეს და მოუხსენებია: ჯორი, რომელსაც თქვენი მხლებლები დაეძებენ, „ჭე დიხა“ (პატარა მიწა) და „ჭე წყარი“ (პატარა წყარო) რომ არის, იქ სძოვს, მინდოდა გამომერეკა, მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარიო.
თამარს მაშინვე გაუგზავნია მსახურები ჯორის მოსაყვანად, მაგრამ ისინიც ხელცარიელნი დაბრუნებულან. მაშინ მეფეს უფიქრია, აქ რაღაც სასწაულიაო და თვითონ წაბრძანებულა იქ. იმ ალაგას, სადაც ჯორი სძოვდა, ჯვარი აღუმართავთ და მეფის ბრძანებით ეკლესია და გალავანი აუშენებიათ, ხოლო დიაკვანი თვალთვაძე მღვდლად უკურთხებიათ.

ადგილს, სადაც ეკლესია და მისი გალავანი იდგა, „ჭე დიხა“ ეწოდა. შემდგომში სახელმა ფონეტიკური ცვლილება განიცადა და დროთა განმავლობაში ჭედიხა წალენჯიხად იქცა.