ახალი წლის ღამეს თბილისში გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება

საახალწლო კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ორმოქმედებიანი მიუზიკლი.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს გრანდიოზული გალა–კონცერტი გაიმართება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მერმა თბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალი, 2024 წლის ერთად შესახვედრად, ტრადიციულად, კონცერტზე დაპატიჟა.
„ეს იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა და ევროპის კულტურას და ტრადიციებს გააერთიანებს“, – განაცხადა კალაძემ.
კონცერტის პირველ ნაწილში ყველასთვის საყვარელი ქართული საახალწლო სიმღერების განახლებული ვერსიები ორკესტრის თანხლებით აჟღერდება.

კონცერტის მეორე ნაწილში კალაძე თბილისელებს „ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობასა“ და ბევრ საყვარელ სიმღერას ჰპირდება.
გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები, მოცეკვავეები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
საახალწლო ღონისძიებები თბილისში იმართება დედაენის პარკში და ორბელიანის მოედანზე, სადაც „საახალწლო სოფელია“ მოწყობილი. აქ მთელი დღეების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება – კონცერტები, წარმოდგენები, ბაზრობები და სხვ.