საქართველოს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს: სად მოიხსნა შეზღუდვები

უწყების ცნობით, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებულია შეზღუდვები.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, აღდგენილია
ასევე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 35-60-ე კმ (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36-ე კმ მონაკვეთზეც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება: რიგ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 6-ბალიანი შტორმი.
მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.