ზახაროვა: სერბეთის არეულობაში დასავლური კვალი იკითხება

Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ბელგრადში მომხდარი არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
„აშკარაა რომ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, ქვეყანაში ვითარება „მაიდნის გადატრიალების“ ტექნიკის გამოყენებით შეარყიოს“, — აღნიშნა მან.
ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ სიტუაციაზე ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის კონსტიტუციის მკაცრი დაცვა, სერბი ხალხის არჩევანის პატივისცემა, რომელმაც ხმა ეროვნულ ინტერესებს მისცა.
უმსხვილესი ოპოზიციური კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ბელგრადში 24 დეკემბრიდან მართავს საპროტესტო აქციებს. ისინი 17 დეკემბერს გამართული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, სერბეთის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს ბელგრადის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგებსაც.
წუხელ ბელგრადში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეთა იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ. პოლიციამ ბელგრადის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილები დაშალა და აქციის 35 მონაწილე დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში რამდენიმე პოლიციელი, მათ შორის ორი მძიმედ დაშავდა.