თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. ასევე მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.