რამდენ ლუდს სვამენ საქართველოში - კვლევის შედეგები

ლუდის ექსპორტი 2023 წლის 11 თვეში 98,7%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 7,9 მილიონი დოლარი შეადგინა, ნათქვამია კვლევაში
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარებამ 45 ლიტრი შეადგინა, ნათქვამია ბაზრის კვლევაში, რომელიც კომპანია Galt & Taggart-მა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, ლუდის მოხმარება საქართველოში 2023 წელს 133 მლნ ლიტრს მიაღწევს, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1,2%-ით აღემატება.
კომპანიის მონაცემებით, ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან.
ამასთან, ლუდის წარმოება 2016-2023 წლებში წლიურად საშუალოდ 3%-ით გაიზარდა და 126 მლნ ლიტრს მიაღწევს 2023 წელს.
ლუდის ექსპორტი 2023 წლის 11 თვეში წლიურად 98,7%-ით გაიზარდა $7,9 მლნ-მდე და 2023 წელს $8,5 მლნ-ს მიაღწევს, ძირითადად ყაზახეთში და დსთ-ს სხვა ქვეყნებში გაზრდილი გაყიდვების შედეგად, ნათქვამია კვლევაში.