სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული საქონლის, ღორის თუ ქათმის ხორცის გამოყენება ძალიან სარისკოა
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე.
„ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე); ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული საქონლის ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები) გამოყენება ადამიანის დაავადების რისკს შეიცავს. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.