თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ახმეტის ჰოსპიტალში 30 წლამდე ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, მეორე დილით პაციენტი გარდაიცვალა, იუწყება „მთავარი არხი“.
ექიმების ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა მოულოდნელად თრომბოემბოლია განვითარდა. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიკოსების თქმით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს, ის უკვე სახლშია გაწერილი.
გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ.
ახმეტის სამედიცინო დაწესებულებამ მშობიარის გარდაცვალების ფაქტი უკვე აცნობა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს.