თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა გახდა, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი.
ანასტასიას ჯილდო გადასცეს, რის შემდეგაც მან მადლობა ქართულ და რუსულ ენებზე გადაიხადა.
ჩემთვის დიდი პატივია, შეჯიბრებებზე საქართველო წარვადგინო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროს, განაცხადა გუბანოვამ.
ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 წლის აგვისტოდან ასპარეზობს. მანამდე ის რუსეთის გუნდს წარმოადგენდა. გუბანოვამ 2023 წლის 29 იანვარს ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გაიმარჯვა და ქვეყანას ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.