რა სიახლე დახვდებათ დამსვენებლებს გუდაურში: ქვრივიშვილის განმარტება

Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს გუდაურში ახალი ინფრასტრუქტურა - ახალი საბაგირო კომპლექსი და რეაბილიტირებული სასრიალო ტრასები დახვდებათ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„ახალი საბაგირო კომპლექსი გულისხმობს ორ დამოუკიდებელ, პარალელურ ხაზს. ამ საბაგიროს გარშემო ჩვენ მოვაწყვეთ სრულიად ახალი 6კმ-იანი სასრიალო არეალი, ასევე მოხდა არსებული 70კმ-იანი სასრიალო ტრასის რეაბილიტაცია. მიმდინარე სეზონისთვის ასევე შევიძინეთ ახალი სპეცტექნიკა, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი სასრიალო ტრასები იყოს ევროპული სტანდარტებით მოწესრიგებული“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.