საქართველოში მტაცებელი ფრინველების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდარღვევა თითო ერთეულ ფრინველზე 4000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საერთაშორისო კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს.
მოქალაქე 9 მტაცებელი ფრინველის - გავაზებისა და სონღულების ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში განთავსებული სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით ცდილობდა.
სამართალდარღვევა თითო ერთეულ ფრინველზე 4000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს - ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.