თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა შემცირდება – გადაწყვეტილებას პარტიის ყრილობაზე მიიღებენ, რომელიც 30 დეკემბერს დაახლოებით 350 დელეგატის მონაწილეობით გაიმართება, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე
პარტიის ყრილობაზე განიხილავენ საერთო პოლიტიკურ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნა კობახიძემ.
„პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე.
კობახიძის თქმით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, პრაქტიკულად, არ შეიცვლება.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე, ფაქტობრივად, არ იყვნენ ჩართული პარტიულ საქმიანობაში. მათთან გვქონდა საუბარი, ისინი აღარ არიან წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ 2012 წლის აპრილში დაასრდა. ამ დღეს გაიმართა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ 2012 წელოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოვიდა.