სროლა პრაღაში: ილია მეორემ ჩეხეთის ეკლესიის მეთაურს მიუსამძიმრა

Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით ჩეხეთის ეკლესიის მეთაურს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ჩეხ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
ინციდენტი ხუთშაბათს, 21 დეკემბერს საღამოს მოხდა. უცნობმა პირმა შენობაში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის მსროლელი ლიკვიდირებულია. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 24 ადამიანი.
„დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა“, - წერია სამძიმრის წერილში.
საქართველოს საელჩო ჩეხეთში იუწყება, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან, აცხადებენ საელჩოში. კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053.
იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.