თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, გამოვა, რომ ისიც ამაყი იქნება პოლიციელის ცოცხლად დაწვით, განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ეს ადამიანი (გრიგორიადისი), როგორც თვითონ თქვა, ამაყობს, რომ პოლიციელს ცოცხლად წვავდა. ვინც მას მხარს უჭერს, ისინიც ამბობენ, რომ არიან ამაყები, ცოცხლად დაწვან პოლიციელი. ეს არის ყველაზე მთავარი ამ საკითხში. თუ თეორიულად ვერაფერს გამოვრიცხავთ, მითუმეტეს ზურაბიშვილისგან, რომ ის გრიგორიადისს შეიწყალებს, ეს ნიშნავს, რომ ზურაბიშვილიც ასევე ამაყი იქნება, რომ ცოცხლად დაწვას პოლიციელი“, — განაცხადა მაჭარაშვილმა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და ქონების განადგურება ცეცხლის წაკიდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი უახლოეს პერიოდში უნდა გამოიტანოს. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ესროლა, ასევე დაწვა შსს-ის კუთვნილი ავტომობილი. მისი ქმედებების შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო.
გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და მას გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.