თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსმა გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, მთავარი პრიზი გუნდმა TerraTech-მ მოიპოვა, იუწყება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსი ყოველ წელს ტარდება და მასში 13-18 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2013 წლიდან ვახორციელებთ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას. მასში უკვე 3000 მოსწავლეს აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელთა უმრავლესობა STEM დარგებს უკავშირებს თავის მომავალს“, - განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
2023 წლის „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის მთავარი პრიზი – აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება — თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის და სენაკის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა TerraTech-მ მოიპოვა. მოსწავლეებმა მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად მაღალტექნოლოგიური, ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი შექმნეს. გუნდი NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება.
მეორე ადგილის მფლობელი თბილისის N199 საჯარო სკოლის გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“ გახდა. გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) „iD Tech“ ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას. მათ მიერ შექმნილი პორტატული მოწყობილობა ნაბეჭდ ტექსტებს უსინათლო ადამიანებისთვის ბრაილის შრიფტით თარგმნის.
მესამე ადგილი გუნდმა „Optical Visionaries-მა“ მოიპოვა, რომელიც თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან არის დაკომპლექტებული. მოსწავლეებმა შექმნეს რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მინი-სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას მოიცავს და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ისე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გამარჯვებულები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) გაემგზავრებიან „ლიბერთი ბანკის“ დაფინანსებით.
გარდა ამისა, გუნდი „Halove” კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.
„ათასწლეულის ინოვაციის“ 2023 წლის კონკურსში დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ STEM-დარგებში.
კონკურსი საქართველოში მეცხრედ ჩატარდა.