საქართველოში ახალი ეროვნული ფოლკლორული ანსამბლი დაარსდა

გუნდი ძველი ქართული ტრადიციის საფუძველზე შეიქმნა, როდესაც სცენაზე ახალგაზრდები უშუალოდ შესრულებისას იღებდნენ გამოცდილებას ძველი მომღერლებისგან.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნული ფოლკლორული ანსამბლი შეიქმნა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ანსამბლი ძირითადად შედგება საუკეთესო მომღერლებისა და სტუდენტებისგან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე მათ შორის არიან მომღერლები ისეთი ცნობილი ანსამბლებიდან, როგორიცაა „ბასიანი“, „რუსთავი“, „ერისიონი, „დიდგორი“. მომღერლებმა გუნდში მოსახვედრად სპეციალური შესარჩევი და მოსამზადებელი ეტაპები გაიარეს. ზემოხსენებულ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.
„გუნდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის იდეის საფუძველზე ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით შეიქმნა, როდესაც გამოცდილ და დამწყებ მომღერლებს ერთად წარადგენდნენ სცენაზე და ახალგაზრდები უშუალოდ შესრულებისას იღებდნენ გამოცდილებას ძველი მომღერლებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ანსამბლის შექმნის მთავარი მიზანია საქართველოს ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელმა მომღერლებმა ერთნაირი წარმატებით შეასრულონ და წარმოაჩინონ როგორც თავიანთი კუთხის, ისე სხვა რეგიონების ფოლკლორი. კუთხეებში, რომლებიც ამ ეტაპზე არ არიან წარმოდგენილნი გუნდში, შერჩევის პროცესი გაგრძელდება და ანსამბლს კიდევ შეემატებიან ახალგაზრდები.
ანსამბლს რამდენიმე ლოტბარი ჰყავს, რომლებიც გუნდის მომღერლებს სიმღერებს კუთხეების მიხედვით შეასწავლიან.
ანსამბლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით შეიქმნა.