თბილისი, 21 დეკენბერი — Sputnik. ქართულმა მობილურმა ოპერატორმა Selfie Mobile-მა ახალი თაობის 5G ინტერნეტი თბილისის ორ რაიონში და ზამთრის კურორტებზე - ბაკურიანსა და გუდაურში 20 დეკემბერს ჩაუშვა, იუწყება კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის ივლისში 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. Cellfie Mobile იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა. საქართველოს ორმა უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა „სილქნეტმა" და „მაგთიკომმა" მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
„მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ეტაპის დასაწყისია, რადგან სიხშირის რესურსი, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აგვისტოს აუქციონზე გასცა და რომელიც Selfie Mobile-მა გამოიყენა 5G-ის დასანერგად, აკმაყოფილებს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სტანდარტს და პასუხობს ყველა მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელია 5G ქსელისთვის“, - განაცხადა კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.
მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ საქართველო მსოფლიოს ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა.
5G - ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიაა, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს შეყოვნებას და, კომუნიკაციების სექტორთან ერთად, სრულიად ახალ დონეზე გაიყვანს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
კომპანია Cellfie Mobile-ს 1,45 მლნ აბონენტი ჰყავს, აქედან 928 ათასი მობილურ ინტერნეტს იყენებს. კომპანიის მფლობელია ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც 2022 წლის ივნისში 45 მლნ დოლარად VEON Georgia შეისყიდა.