წყალქვეშა ენერგოკაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორად აქცევს – დავითაშვილი

საქართველო მომავალში განახლებადი წყაროებიდან დამატებითი ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებს, რომელიც, მათ შორის, ექსპორტისთვის იქნება გამოყენებული, აღნიშნა ვიცე–პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორი (ექსპორტის უპირატესობა იმპორტზე – რედ.) გახდეს, რასაც ხელს უწყობს შავი ზღვის ფსკერზე ენერგოკაბელის გაყვანის პროექტიც, განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.

„საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ იყოს ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორი ქვეყანა. თქვენ იცით, რომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან მსხვილ სტრატეგიულ ინიციატივებზე, ერთ-ერთი ასეთი არის შავი ზღვისქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს. უმთავრესი მიზანია, რომ ადგილობრივი გენერაციიდან მიღებული ელექტროენერგიის ექსპორტი მოვახდინოთ ევროკავშირში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, წყალქვეშა ენერგოკაბელის მრავალმილიარდიანი პროექტის რეალიზაციისთვის დიდი დროა საჭირო და მასში ინვესტიციებს იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ საქართველო ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის.
„ყველა ჩვენი პროგნოზით, საქართველო შეძლებს, მომავალში დამატებით ელექტროენერგია აწარმოოს განახლებადი წყაროებიდან, რაც, მათ შორის, საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი. წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული გენერაცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ 2023 წელს ელექტროენერგიის წარმოებამ 13 მილიარდ კვტ/სთ–ს გადააჭარბა, ხოლო მიმდინარე პროექტები, რომლებსაც სამინისტრო მართავს კერძო სექტორთან ერთად და რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა, დამატებით საქართველოში კიდევ ერთი ამდენი გენერაციის საშუალებას იძლევა – კიდევ 13 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი.
ვიცე-პრემიერი: საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების პოტენციალი აქვს>>
მისი თქმით, ამჟამად ქართული ელექტროენერგიის ძირითადი საექსპორტო ბაზარი არის თურქეთი. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, იანვარ–ნოემბერში მეზობელ ქვეყანაში გაიტანეს 1,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია (90%–მდე).
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.