ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებით უკმაყოფილოა

ვენეციის კომისია და ოდირი აღიარებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან არსებობს მოქმედი საარჩევნო ჩარჩოს ზოგიერთი ხარვეზის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოფხვრის მიზანი
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ხშირმა ცვლილებებმა ცესკოსა და არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობას შეიძლება დაუკარგოს, მაგრამ ცხადია რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა გაუმჯობესებას მოითხოვს, ნათქვამია ვენეციის კომისიის და ოდირის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR)) ანგარიშში.
საქართველოს პარლამენტმა კომისიას გაუგზავნა ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევისა და კომისიების მუშაობის წესის შეცვლას ითვალისწინებს.
„თვალშისაცემია ბოლო წლებში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სიხშირე. მაგრამ საჭიროა შემდგომი ცვლილებები, რადგან ვენეციის კომისიის და ოდირის რამდენიმე მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული“, - ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისიის ინფორმაციით, ის საკანონმდებლო საკითხები, რომლებიც ბოლო რეფორმების შედეგად მოუგვარებელი დარჩა, ეხება საარჩევნო ოლქების საზღვრების დელიმიტაციას, პრეზიდენტობისა და დეპუტატობის კანდიდატებისთვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე შემზღუდველ მოთხოვნებს და ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებამოსილების სხვა შეუსაბამო კრიტერიუმებს, ასევე დამატებით ასპექტებს საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით, დებულებებს კამპანიის მიზნებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ და საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულობების მაღალ დონეს.
კომისია ასევე არასაკმარისად მიიჩნევს მიღებულ ზომებს საარჩევნო დავების მოგვარების სისტემის გაძლიერებისთვის ეფექტური სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, ხმების გადათვლისა და გაბათილების, ასევე ამომრჩეველთა დაშინების თავიდან აცილების ზომებს.
„ვენეციის კომისია და ოდირი აღიარებენ, რომ არსებობს მოქმედი საარჩევნო ჩარჩოს ზოგიერთი ხარვეზის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოფხვრის მიზანი, მაგრამ წუხან, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის შესრულებული“, - ნათქვამია დასკვნაში.
კალანდარიშვილი: ცესკო მზად არის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის >>
ვენეციის კომისიის აზრით, ზედმეტად ხშირმა ცვლილებებმა შესაძლოა ამომრჩევლების, პარტიების და კანდიდატების დაბნეულობა გამოიწვიოს, ასევე გაართულოს კანონის გამოყენება კომპეტენტური ორგანოების მიერ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეცდომები საარჩევნო პროცესში და, აქედან გამომდინარე, უნდობლობა საარჩევნო ორგანოების მიმართ.
„უფრო კომპლექსური რეფორმა თავიდან აიცილებდა ასეთ რისკებს და შესაძლებლობას შექმნიდა უფრო სტრუქტურირებული და მკაფიო პროცესისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომისიამ საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებულ ცვლილებებს რთული და საკმაოდ დამაბნეველი უწოდა განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოიცავს არაზუსტ და მრავალჯერად ჯვარედინ გზავნილებს კანონის ორივე წყაროს შორის (საარჩევნო კოდექსისა და პარლამენტის რეგლამენტის).
„მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიღების პროცესი პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა, რათა მოხდეს ერთობლივი მოსაზრების დასკვნების გათვალისწინება და რომ რეფორმა ნაწილობრივ მაინც ემსახურებოდეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის სტანდარტებს და განხორციელდეს ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები“, - აღნიშნავს კომისია.
მოვლენების ასეთი განვითარება, პრინციპში, მისასალმებელია. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის, ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას - შესრულდეს წინა რეკომენდაციები და ჩატარდეს საარჩევნო სისტემის კომპლექსური რეფორმა, რომელიც, კომისიის განცხადებით, არაერთ მნიშვნელოვან საკითხს გადაჭრის.
ვენეციის კომისია და ODIHR მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემდგომ გადახედვაში, რათა ის შესაბამისობაში მოიყვანონ საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან.